თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო – უკვე რამდენიმე საათია, იცრებიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები და ადმინისტრაციების თანამშრომლები.
საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა.
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ მედპერსონალს ჩაუტარდება და იგი ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება. ამ დროისათვის COVID-19-ზე ვაქცინაციისთვის ვიზიტი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მედპერსონალის 2121 წარმომადგენელს აქვს დაჯავშნილი.
„დასაწყისისთვის არა უშავს, მაგრამ გვინდა უფრო მეტი. იმისთვის, რომ კიდევ ბევრი ადამიანი აიცრას, მასმედიასთან ერთად საინფორმაციო კამპანია უნდა ვაწარმოოთ და რაც შეიძლება მეტი საუბარია საჭირო ჩვენს კოლეგებთან, რომ მათ მისცენ მაგალითი საზოგადოებას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
პირველი ექიმი, რომელმაც ამ დილით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკის ექიმი იყო. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ და სხვ.
ვაქცინირებული მედიკოსების განცხადებით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ისინი თავს კარგად გრძნობენ და აღნიშნავენ, რომ ვაქცინების მიმართ ნდობა საზოგადოებაში უნდა გამყარდეს.
„ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და ყველა მათგანი აიცრას. მე ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით, ჩემს კოლეგებს. ვინც მაგალითს იძლევა, რომ ვაქცინები გაიკეთონ", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ვაქცინაციისთვის თბილისში მომზადებულია 19 ცენტრი, ქუთაისსა და ბათუმში – ოთხ-ოთხი, რუსთავსა და ზუგდიდში – ორ-ორი, სხვა რაიონულ ცენტრებში კი თითო-თითო. 17 მარტიდან კიდევ გაიხსნება ვაქცინაციის 35 პუნქტი, 19 მარტიდან – 23 პუნქტი.
სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი – დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება – 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სახელწიფო სრულად დააფინანსებს.