თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოში ორშაბათიდან, 8 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპობრივი გეგმა ორი კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა.
ორშაბათიდან:
- სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები;
- ქვეყნის მასშტაბით რესტორნები მუშაობას შიდა სივრცეებში განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
- სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც განაახლებენ მუშაობას.
საქართველოში 1 მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.
ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.