11:18 13 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0798
  • 100 RUB4.4334
  • USD3.4232
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
132 0 0

დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში 30 წელს ითვლის.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ და ის სახელმწიფოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. 

შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი, და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.

დედის დღის ტრადიციები

საქართველოში დედებს დიდ პატივს სცემენ. ის, რომ დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს, ქართული ენითაც დასტურდება. ამის ნათელი მაგალითია სიტყვები „დედამიწა“, „დედაბოძი“, „დედაენა“ და ა.შ.

საქართველოში დედის დღე საოჯახო დღესასწაულია. მისი მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.

დედის დღის ისტორია

დედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად, ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები – თავიანთი ღმერთების დედას კიბელას, ხოლო ძველი კელტები – ქალღმერთ ბრიჯიტს.

ინგლისში „დედის კვირადღეს“ მე-17 საუკუნიდან აღნიშნავდნენ. ბავშვებს, რომლებიც სახლიდან მოშორებით მუშაობდნენ, უფლება ჰქონდათ მშობლიური სახლი წელიწადში ერთხელ ამ დღეს მოენახულებინათ. თუმცა ამ დღესასწაულმა წლების განმავლობაში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ინგლისელებმა დედების ნაცვლად პატივის მიგება „დედა-ეკლესიისთვის“ დაიწყეს. რის შემდეგაც ეს დღე ნაწილობრივ საეკლესიო გახდა.

აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.

სამი წლის შემდეგ ვირჯინიის შტატში დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყეს, ხოლო 1914 წლიდან მაისის მეორე კვირა აშშ-ში დედის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს.

დედა ყოველთვის მართალია: 16 პუნქტი კედელზე გასაკრავად>>

ამ დღესასწაულს მაისის მეორე კვირა დღეს კიდევ 26 სახელმწიფო აღნიშნავს. ხოლო 30 ქვეყანაზე მეტი დედის დღეს სხვა რიცხვებში ზეიმობს.

დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო ის არის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ ამ დღეს ერთნაირად – ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.

დედას ყველანაირი ყურადღება გაახარებს. შეგიძლიათ აჩუქოთ ყვავილები, ტკბილეული, სასიამოვნო წვრილმანები, გაუკეთოთ სასიამოვნო სიურპრიზები. მთავარია გამოხატოთ მადლიერება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანის მიმართ, რომელმაც თქვენ სიცოცხლე და თავისი სიყვარული გაჩუქათ.

დედის დღე – ეს არის კიდევ ერთი შანსი, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს.  

გახსოვდეთ, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენ ყოველთვის გჭირდებათ მისი მოფერება და ალერსი.


მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

მთავარი თემები