04:17 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
105 0 0

დეპუტატები შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„მახსენდება ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემს კოლეგაზე, ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა... როგორც მაშინ დავგმეთ, ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა ვახოს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო და მივმართო შესაბამის სამსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს ფაქტი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ!“ - დაწერა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მსგავს ინციდენტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

„ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან!.. ძალადობა დანაშაულია და ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ - წერს დეპუტატი.

სანაიაზე თავდასხმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც დაგმეს.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სანაიაზე თავდასხმა მოხდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და ოპოზიციური მედიის მიმართ სიძულვილის ენის წახალისების შედეგად.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სასტიკად ეწინააღმდეგება  მსგავს ფაქტებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინეთ მკაცრი რეაგირება, რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!“ - დაწერა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ დამნაშავეებმა „ბოდიში უნდა მოხადონ“.

„ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ. ვახოს და მის ოჯახს უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი“, - დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

მთავარი თემები