10:29 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
471 0 0

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.  ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თებერვლის ბოლომდე მიიღებს და დაახლოებით მარტის პირველ ორ კვირაში ქვეყანა ვაქცინაციას დაიწყებს.

თენგიზ ცერცვაძე: „ორ-სამ კვირაში ყველა შეზღუდვა მოიხსნება...“ >>

ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის  (1,4 მლნ დოზა) შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

გამყრელიძის განმარტებით, შეთანხმების მიხედვით,  საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას მიიღებს, რაც შეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას მარტის შუა რიცხვებში დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა გადმოეცემა.

„COVAX–პლატფორმის მეშვეობით ჩვენ გვაქვს შეკვეთილი წლის განმავლობაში მისაღები 1,4 მლნ დოზა, ახლა მიმდინარეობს ბიუროკრატიული მექანიზმების დაძლევა, რომლის დამთავრების შემდეგ ეს პირველი პარტია დაიძვრება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს AstraZeneca-ს ვაქცინის პირდაპირი შესყიდვა“, - განაცხადა გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინის მისაღებად ქვეყანა სხვა მიმართულებებითაც მუშაობს.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დათმობებთან დაკავშირებით. ასევე, სხვა მწარმოებლებთან, რომლებიც მაის-ივნისში უკვე გამოჩნდებიან ბაზარზე, ჯანმოს მიერ ავტორიზაციის პროცესი როცა დასრულდება“, - განმარტა მან.

გამყრელიძის განცხადებით, გეგმის თანახმად, მაისის ბოლომდე ორჯერადად უნდა აიცრას 200 ათასამდე  ადამიანი, ხოლო ივნისიდან ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა.

„დიახ, ამბიციური გეგმაა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ერთად ყველამ – ექიმებმა, მოსახლეობამ, საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა მხარი დაუჭიროთ ამ პროცესს, რომ ამას მივაღწიოთ. მაშინ ქვეყანაში ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რომელიც შეაჩერებს პანდემიას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველო ვაქცინის მისაღებად და იმუნიზაციის დაწყებისთვის მზადაა. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის მისაღებად სპეციალური პირობები – ე.წ. ცივი ჯაჭვია საჭირო, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ქვეყნის ის კლინიკები, რომლებსაც საამისოდ შესაბამისი რესურსები გააჩნიათ.

საქართველოში ვაქცინაციას დაახლოებით 40 ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული – ამცრელი, ექიმი, ვინც პიროვნებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მიხედვით გამოკითხავს და ასევე რეგისტრატორი, რომელიც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში პიროვნების მონაცემებს შეიყვანს. თითოეულმა ბრიგადამ დღეში 40–42 ადამიანის აცრა უნდა განახორციელოს.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

მთავარი თემები