თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში მოიხსნება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვის მოხსნა ხდება.
„შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება; განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი – ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება და კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები“, - განაცხადა ცერცვაძემ
მისი თქმით, ახალი მთავრობა რამდენად დააჩქარებს თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა შეზღუდვების მოხსნის კუთხით, მისთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება. მთავარია, შენარჩუნდეს კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის 3%-იანი ნიშნული, რასაც ყველამ ერთად უნდა შეუწყოს ხელი.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით შესრულება. მისი თქმით, პირბადეების ტარება გარანტირებული დაცვაა ინფექციისგან, აგრეთვე სოციალური დისტანცია და ხელების დაბანვა.
„დანარჩენი, რაც შეეხება ვაქცინის შემოტანას და რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, მოსახლეობა პირბადეების ტარებას მასობრივად თუ გააგრძელებს, უბრალოდ, დროის ამბავია, ვაქცინის შემოტანაც და შეზღუდვების მოხსნაც. ხანგრძლივი დროის ამბავი არაა, უმოკლეს დროში მოხდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ქვეყანაში 8 თებერვლიდან ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა ბაზრობები. 15 თებერვლიდან გაიხსნა კაფე–რესტორნების ღია სივრცეები, ხოლო მოსწავლეებმა სკოლის შენობაში განაახლეს სწავლა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავინდებურად მოქმედებს შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-დან 05:00 საათამდე, სავალდებულოა პირბადის ტარება ყველგან, დახურულია კულტურის, გასართობი დაწესებულებები, ფიტნეს–ცენტრები და ა.შ.