11:16 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2782)
695 0 0

„ბირჟა მაფიის” წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალურ პროკურატურას „ბირჟა მაფიის“ საქმეზე დაკავებული გიორგი ქებურიასთვის 36 815 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას მუსიკოსის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს.

 

ორგანიზაციის ცნობით, პროკურატურამ გიორგი ქებურიას ფინანსური კომპენსაცია უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივ დევნისთვის უნდა მისცეს.

„ბირჟა მაფიის” წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები არ არსებობდა.

GDI-ს თქმით, პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ:

„საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა”, – ვკითხულობთ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში.

დაკავების პერიოდში Young Mic და Kay-G (გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი) მათ დაპატიმრებას იმ დროისთვის დამზადებულ ახალ კლიპს უკავშირებდნენ და შურისძიებას უწოდებდნენ. ვიდეოკლიპის ერთ ნაწილში პოლიციელი ძაღლს განასახიერებდა და ყელსაბამი ეკეთა.

რეპერების დაკავების გამო არაერთი აქცია გაიმართა. აქციებს „მეტი რაღა უნდა მოხდეს“ ერქვა და მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალებების „ჩადების პრაქტიკას“ და გამოხატვის თავისუფლების გამო რეპერების დასჯას აპროტესტებდნენ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2782)

მთავარი თემები