თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით არსებობს რეკომენდაციები და ასევე სავალდებულოდ შესასრულებელი წესები, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. მთავრობაში განმარტავენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლებამ გამოიწვია.
დგებუაძის ინფორმაციით, ყველა სკოლა ვალდებულია გააცნოს მშობლებს ინფორმაცია, თუ როგორ ჩატარდება საკლასო ოთახებში გაკვეთილები.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვაა. ამ შემთხვევაში სკოლას, თავისი ინფრასტრუქტურიდან და მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე, თავად ექნება შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, თუ რამდენ მოსწავლეს განათავსებს საკლასო ოთახებში.
იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ყველა მოსწავლის განთავსება ერთ სივრცეში და მათ შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, სკოლას შესაძლებლობა ექნება, განსხვავებული მოდელით ჩაატაროს გაკვეთილები, მაგალითად, აირჩიოს სწავლების ჰიბრიდული მოდელი.
„ამიტომაც არის, რომ განათლების სამინისტრომ ერთი კონკრეტული მკაცრი ბრძანება თუ რეგულაცია არ შექმნა სკოლებისთვის. საჭიროება არის განსხვავებული ყველა სკოლასთან მიმართებით. ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლას“, – განაცხადა დგებუაძემ.
სკოლას ასევე შეუძლია თავად განსაზღვროს გაკვეთილის ხანგრძლივობა და საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო.
მანამდე, როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სკოლაში სიარული უსაფრთხო იყოს და ამაში მასწავლებლების რეგულარული ტესტირებაც მოიაზრება.
გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეების მშობლებს არჩევნის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიან თუ ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. თუ მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.
1 თებერვლიდან აჭარის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 მარტიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა ეს ორი კვირით უფრო ადრე მოხდება.