თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 სკოლის შვიდ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ყველა კლასი, სადაც ინფიცირებული მოსწავლეები ირიცხებიან, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
სკოლის დირექტორის მარინა ლოლაძის განცხადებით, მოსწავლეებთან ერთად ინფექცია სამ მასწავლებელს დაუდასტურდა, რომელთაც კორონავირუსი გეგმური ტესტირებისას გამოუვლინდათ.
კორონავირუსი დაუდასტურდა აგრეთვე ბათუმში, ფერიის ბავშვთა სკოლა–პანსიონის 25 აღსაზრდელსა და შვიდ აღმზრდელს – ინფექცია მორიგი ტესტირების დროს გამოვლინდა. რამდენიმე აღსაზრდელს რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და სწრაფმა ტესტმა ინფექცია გამოავლინა. ინფიცირებულთაგან 30 კოვიდ–სასტუმროშია გადაყვანილი, ერთი – სტაციონარში, კიდევ ერთი ინფიცირებული კი მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს.
პანსიონში ყველა ჰიგიენური ნორმაა დაცული. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან განახლდა – დარჩენილ სამ დიდ ქალაქშიც (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი) საკლასო ოთახებში სწავლა 15 თებერვლიდან აღდგება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ყველა ზომა.
„მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში მაქსიმალურად მოხდება სამედიცინო პროტოკოლის დაცვა. მასწავლებლებს რეგულარული ტესტირება ჩაუტარდებათ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სკოლებში აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო იყოს“, – განაცხადა ჩხენკელმა.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს, აქ სასწავლო პროცესი ეტაპობრივად აღდგება. კონკრეტულ ვადებზე ინფორმაცია უახლოეს დროში გახდება ცნობილი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 583-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 260.480-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 251 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3.240 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.