04:13 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (280)
60 0 0

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვაში მონაწილეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავრობა კარგად უმკლავდება პანდემიისგან შექმნილ გამოწვევებს.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ, ამაზე მეტყველებს აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა, რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?", გამოკითხულთა 41%-მა დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნული მონაცემები 2020 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს რომ შევადაროთ, დეკემბერში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 3%-ით (ივნისში იყო 38%) გაიზარდა. ამასთან, ამ პერიოდში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან, 46%-დან 41%-მდე შემცირდა. 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოლოდინების შეფასებისას რესპონდენტების მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე უარესი უკან დარჩა, 39% კი ფიქრობს, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა. მხოლოდ გამოკითხულთა 6%-ია დარწმუნებული, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, 22%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება. პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ხელისუფლების ნაბიჯებს ნეგატიურად აფასებს რესპონდენტების 33%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 7%-ს.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 2 ათასზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია NDI მსგავს კვლევებს საქართველოში 2009 წლიდან ატარებს. გამოკითხვა ამ ორგანიზაციის შეკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (СRRС) ჩაატარა.

გამოკითხვის ცდომილებაა +/–1,1%.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (280)

მთავარი თემები