თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას, არ შედიან რისკ-ჯგუფში, მათთვის ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობს: მოცემულ მომენტში ქვეყანა განიხილავს Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულმა ვაქცინებმა ევროპის მარეგულირებელ ორგანიზაციაში გაიარეს ავტორიზაცია.
იმნაძის განცხადებით, მსოფლიოში მიღებული პროტოკოლის მიხედვით, პირველ რიგში ვაქცინას მედპერსონალს გაუკეთებენ, შემდეგ მოდიან ასაკობრივი და სხვა რისკ-ჯგუფები.
„მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკვალიფიცირებული და რომელიც პირველი იქნება ხელმისაწვდომი. რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენენ“, — განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ქვეყანა ნებისმიერი ტიპის ვაქცინის მისაღებად არის მზად.
„თუმცა არის პირობა, რომ ის უნდა იყოს ავტორიზირებული ყველაზე მაღალი ინსტანციების მიერ. თუ ეს იქნება Pfizer-ის ვაქცინა, მივიღებთ ყოველგვარი პრობლემების გარეშე, თუ ეს იქნება სხვა ვაქცინა — იმასაც მივიღებთ, ოღონდ, ვიმეორებ, პირობა არის ის, რომ ვაქცინა უნდა იყოს რეკვალიფიცირებული“, — ამბობს იმნაძე.
საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.