12:46 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (41)
87 0 0

ვაქცინის მიღების პროცესში საქართველოს ჯანმოს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორი და ასევე ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნების ელჩები უწევენ დახმარებას.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება პირველი ვაქცინა გახდეს, რომელსაც საქართველო მიიღებს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული ვაქცინის შემდეგ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვა.

„რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვაქცინებს, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული პერსპექტივა იმ კუთხით, რომ მარეგულირებელთა ავტორიზაცია მიიღონ", — განაცხადა გაბუნიამ. 

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობს: მოცემულ მომენტში ქვეყანა განიხილავს Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულმა ვაქცინებმა ევროპის მარეგულირებელი ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღეს.

გაბუნიას განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა. მისი თქმით, იანვრის ბოლოსთვის საქართველო მზად იქნება, ვაქცინის პირველი პარტია მიიღოს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არსებობს ვაქცინები, რომელთა შენახვაც განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს.

მისი განმარტებით, „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად მინუს 70 გრადუსია საჭირო და აღნიშნული ვაქცინის შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შექმნილია.

„ვაქცინის შენახვის რესურსი ქვეყანას გააჩნია, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ მთლიანად შევძლოთ ამ ტიპის ვაქცინის უზრუნველყოფა, შენახვა და შემდეგ მოსახლეობისთვის მიწოდება. ამ ეტაპზე ქვეყანას დაახლოებით 100 ათას მოქალაქეზე საჭირო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს, რაც 200 ათასი დოზაა“, – განაცხადა ხუნდაძემ. 

როგორც ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს, მისი შესანახი სპეციალური 40 მაცივარი ქვეყანაში უკვე არის და ნაწილიც შესყიდვის პროცესშია.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. საქართველომ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი – 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

ბოლო მონაცემებით, გასული წლის 26 თებერვლიდან დღემდე, როდესაც COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 241.637-ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2.820 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (41)

მთავარი თემები