05:52 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (296)
106 0 0

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა სამტრედიის, წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. 

წყალტუბოში 12-მდე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იყვნენ, გარდა ამისა, მოსახლეობაც გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

მდინარე ადიდდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, სადაც ასევე ათამდე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები დაიტბორა. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში მდინარემ დროებითი ხიდი გაიტაცა. მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყრულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზებიც. ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

თემები:
უამინდობა საქართველოში (296)

მთავარი თემები