საქართველოში მომდევნო ორ კვირაში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს პროგნოზირებენ

© AP Photo / Francois Moriსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ განსაკუთრებით დეკემბრის ბოლოსთვის მოუწოდებს, როდესაც წინასაახალწლო პერიოდში შეზღუდვები დროებით მოიხსნება.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. კოვიდ-ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის დონე უახლოეს ორ კვირაში გაიზრდება, რამდენადაც ამ დროისათვის დაახლოებით 400 ავადმყოფია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

  ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: სავარაუდოდ, წელს გრიპის აქტიური სეზონი არ გველოდება

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა – ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებით გამოისახება. მოიმატა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამაც. კერძოდ, ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.839-ს მიაღწია.

„გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტები და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად. ჩვეულებრივ, ლეტალობის ზრდა ინფიცირების რაოდენობის ზრდის შემდეგ 2–3 კვირაში ფიქსირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დღეს დაფიქსირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ამიტომ მოსახლეობას მეტი ყურადღება მართებს შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ პერიოდში.

„დღეს დაფიქსირებული სიკვიდილიანობის მაჩვენებელი იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში აუცილებელია შეზღუდვების მოქმედება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში. ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო ამის მიხედვით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია ინფიცირების 190 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 160 ათასზე მეტი პაციენტი.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0