ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოწყობის საკითხით პროკურატურა დაინტერესდება

© Sputnik / STRINGERგლდანი
გლდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩებზე, რომელთა სიგრძეც ჯამში დაახლოებით რვა კილომეტრს შეადგენს, ჩატარებულ სამუშაოებში სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის ნიშნები იკვეთება

თბილისი,  9 დეკემბერი – Sputnik. გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების გამო, დედაქალაქის ბიუჯეტი დაზარალდა, შესაბამისად, საკითხი გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

გზის რემონტი გლდანში - Sputnik საქართველო
გლდანის მთავარ ქუჩებზე ძირითადი საგზაო სამუშაოები დასრულდა

მიმდინარე წლის ზაფხულში კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის, კერძოდ, ჩატარებული სამუშაოების ხარისხისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა.

საგზაო სამუშაოების ხარისხმა ეჭვი ჯერ კიდევ ზაფხულში წარმოშვა, როდესაც ძლიერმა წვიმამ დააზიანა გარემონტებული ხიზანიშვილის ქუჩის ასფალტის საფარი, რის გამოც დროებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

„სრული მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით, 85 ათასი ლარით დაზარალდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურის მომზადებული დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის  პროკურატურაში გადაიგზავნება.

აღნიშნული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო. გზების მაშტაბური რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში გლდანის რაიონის ორი ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა – დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციით, დამთავრებული განათების ბოძებით და LED სანათებით. სამუშაოების ფარგლებში, ორივე ქუჩაზე ნიადაგდამჭერი ბეტონი ჩამოისხა, ასევე, გაფართოვდა ტროტუარები. შეიცვალა წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები.

ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენსისმა“ შეასრულა –  სამუშაოები 2019 წლის მაისში დაიწყო და ძირითადი სამუშაოები, მათ შორის ასფალტის ზედა ფენის დაგება, 2020 წლის ივნისში დასრულდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0