გლდანის მთავარ ქუჩებზე ძირითადი საგზაო სამუშაოები დასრულდა

© Sputnik / STRINGERგზის რემონტი გლდანში
გზის რემონტი გლდანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გლდანში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო. გზების მაშტაბური რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო. 

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. გლდანის რაიონში, ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი, იუწყება თბილისის მერია.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, მისმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გულია გოცირიძემ და ოთარ გრიგოლიამ დაათვალიერეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე, რომელთა სიგრძეც ჯამში დაახლოებით რვა კილომეტრს შეადგენს, ასფალტის ზედა ფენის დაგება უკვე დასრულებულია.

„გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩაზე ძირითადი სამუშაოები დღეს დასრულდა. ეს არის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელთა სრული რეაბილიტაცია განხორციელდა – დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციით, დამთავრებული განათების ბოძებით და LED სანათებით. სამუშაოების ფარგლებში, ორივე ქუჩაზე ნიადაგდამჭერი ბეტონი ჩამოისხა, ასევე, გაფართოვდა ტროტუარები. ავტომობილების გადაადგილება ორივე ქუჩაზე თავისუფლად არის შესაძლებელი“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

უწყების ინფორმაციით, დარჩენილი სამუშაოები მიკრორაიონებში შემსვლელი ქუჩების ვეკუასა და ხიზანიშვილის ცენტრალურ ქუჩებთან მიერთებას მოიცავს, ასევე, ტროტუარების მოწყობას და გაჩერებების მონტაჟს. ტროტუარებზე არსებობს გარკვეული მონაკვეთები, სადაც მოასფალტებაა საჭირო. ბოლოს უკვე საგზაო მონიშვნების დახაზვა დაიწყება.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი.

სარეაბილიტაციო არეალში პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების, ასევე, ველობილიკებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას თან ახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება. კერძოდ, ორივე ქუჩა დაპროექტდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე ორიენტირებით. ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მოეწყობა ე.წ. ბასლაინები, რაც მოქალაქეთა გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო. გზების მაშტაბური რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0