03:46 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (158)
56 0 0

საქართველოს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ კვლავ ავტომობილების მზარდი რაოდენობა და, შესაბამისად, დიდი ოდენობით გამონაბოლქვი რჩება.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობს ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტმა რუტა კურიენემ შეიმუშავა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების პროგნოზირების სისტემა და მოამზადა გაფრქვევების პროგნოზები 2025–2030 წლებისთვის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, რომლის დროსაც მონაწილეები გაეცნენ ემისიების პროგნოზირების შესახებ ინფორმაციას, რაც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად, დამატებითი ხარჯების გარეშე განახორციელონ პროგნოზირება.

„ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადდა 1990-2018 წლებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ინვენტარიზაციის ანგარიში, რომელიც „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) სამდივნოს წარედგინება.

სანქციები ეკოლოგიის დაზიანებისთვის: საქართველოში შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა>>

ემისიათა ინვენტარიზაცია არის სწორი ჰაერდაცვითი პოლიტიკის წარმოების ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს დაბინძურების ძირითადი წყაროები. ამასთან, გაუმჯობესებული ანგარიშის ჰაერის კონვენციის სამდივნოში წარდგენით ქვეყანა შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უნდა გაფართოვდეს

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უნდა გაფართოვდეს.

„საქართველოში უნდა მოქმედებდეს ჰაერის გაწმენდის სახელმწიფო პროგრამა. პირველ რიგში, საჭიროა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, დაკვირვების ქსელის გაფართოება. ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საკითხი კომპლექსურად უნდა გადაწყდეს. ამის აუცილებელი პირობაა – კარგად მომზადებული ინფრასტრუქტურა, გზების საფარის ჩათვლით. თუ ის უხარისხოდაა გაკეთებული, ჰაერი დაბინძურდება“, – განუცხადა ჩხობაძემ „Sputnik-საქართველოს“.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ამოწმებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დამონტაჟებულია მოწყობილობები ჰაერში დაბინძურების კონცენტრაციის გასაზომად. მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტები იღებენ ნიმუშებს სხვადასხვა დამაბინძურებელზე – აზოტისა და გოგირდის, ოზონისა და ბენზოლის დიოქსიდებზე.

საქართველოს დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ კვლავ ავტომობილების მუდმივად მზარდი რაოდენობა და, შესაბამისად, დიდი ოდენობით გამონაბოლქვი რჩება.

ჰაერის ხარისხს საქართველოს 25 ქალაქში შეამოწმებენ>>

2017 წლის კვლევების თანახმად, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 2,9-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებით საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონია, 7 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (158)

მთავარი თემები