როდის აღარ არიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები გადამდები: ენდელაძის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, მათი უმეტესობა უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტია.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. უსიმპტომო პაციენტი 10 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის და განმეორებით კვლევას არ საჭიროებს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: რეალურად COVID-19-ის 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად

რაც შეეხება საშუალო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, მარინა ენდელაძის თქმით, ისინი ვირუსის დადასტურებიდან 13 დღის შემდეგ ინფექციის გავრცელების კუთხით საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

„ინფიცირებული ადამიანიდან ინფექციის გადადების ალბათობა მეექვსე–მეშვიდე დღიდან მცირდება. თუმცა, PCR–ტესტის პასუხი შეიძლება დადებითი იყოს, რადგანაც ვიცით, რომ ეს ტესტი ძალზე მგრძნობიარეა და შეიძლება ვირუსმა მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას. შემიძლია საზოგადოება დავამშვიდო, რომ უსიმპტომო ან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფიცირებული პირები კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ ინფიცირების წყარო არ ხდებიან“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში ამ დროისათვის 18.759 აქტიური შემთხვევაა. მათი დიდი ნაწილი უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალურ სერვისს არ საჭიროებს. 3.920 ადამიანი მკურნალობის კურსს კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8.674 პირი ბინაზე გადის.

ბინაზე მკურნალობას პაციენტი ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციის საფუძველზე გადის. რაც შეეხება კოვიდ–სასტუმროებს, ისინი კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია საკმაოდ ფართომასშტაბიანი საწოლფონდი, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატებით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციას და არ დავაზიანოთ ეკონომიკა

მინისტრის განმარტებით, კოვიდ-სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. სავალდებულო გამოკვლევებით დადგინდება, თუ რამდენად მძიმეა პაციენტის მდგომარეობა და შესაბამისი ჩარევით გართულებები თავიდან იქნება აცილებული.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს და წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებასა და გამკაცრებას გეგმავს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა – 1000 ადამიანს.

შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0