03:38 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
121 0 0

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება. მთავრობა პანდემიასთან ბრძოლის ახალ შესაძლებლობებს აქტიურად ეძებს

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან დამატებითი რესურსის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე მორიგი შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი კოვიდ-კლინიკების წარმომადგენლებს არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრი გაეცნო ინფორმაციას კლინიკებში არსებულ საწოლფონდის რაოდენობის შესახებ, ასევე - რა ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდან ბოლო შეხვედრის შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზების მიმართულებით. გარდა ამისა, რა საჭიროებებს ხედავენ კლინიკის ხელმძღვანელები, რათა გაიზარდოს როგორც მოქნილობა, ასევე ეფექტურობა.

„კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ასევე კონტროლდება ვითარება იმ კოვიდ-სასტუმროებში, რომლებიც კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქტიურად ხდება ჟანგბადის კონცენტრატებით მომარაგების უზრუნველყოფა და ამ კუთხით შეფერხებები არ არის.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრისას განაცხადა, კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია საკმაოდ ფართომასშტაბიანი საწოლფონდი, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატებით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის მეორე ტალღა, რომლის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად ვლინდება დაახლოებით ოთხი ათასი ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 012 ადამიანი.

ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები