06:09 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (141)
73 0 0

რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობას მოსახლეობა უკვე რამდენიმე კვირა აპროტესტებს. მათი თქმით, გიგანტური ჰესის მშენებლობა ტერიტორიის დატბორვას გამოიწვევს, შედეგად კი მოსალოდნელია ეკოლოგიური კატასტროფა და მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩება

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ მდინარე რიონზე ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქცია კვლავ გამართა, იუწყება „მთავარი არხი“.

„უარი გიგანტურ ჰესებს“, „ჩვენ ვიცავთ მამულს“ - ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეები დღეს თურქული კომპანია „ენკას" (ENKA) ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და 105-მეტრიანი კაშხლის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. ისინი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მეწყერსაშიშია და ჰესის მშენებლობით გამოწვეული საფრთხეები მთელს დასავლეთ საქართველოს ემუქრება.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს ეკოლოგები და პოლიტიკური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, თემურ შაშიაშვილი და სხვ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეჩერდება.

ადგილობრივი მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს თითქმის ერთი თვეა მართავენ. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ჰესის მშენებლობა 500 ჰექტარი მიწის დატბორვას გამოიწვევს, მათ შორის ტყეების, სავარგულების, რამდენიმე სოფლის, რის გამოც ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. 

შეკრებილების თქმით, პოლიციამ თურქული კომპანიის შენობისკენ გზა დაბლოკა, შედეგად სხვა მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევათ.

როგორც ადრე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, „ნამახვანიჰესი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, კომპანია „ენკა“ ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

„ინვესტორი ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მანამდეც მუშაობდა და სწორედ ამის გამო ძალიან შეთანხმებულად ჩატარდა იგივე მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება. ინვესტორი მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგადაა ჩართული ამ პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამავე დროს, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ახალი სამუშაო ადგილები პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთო ჯამში 2000 საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.

თავის მხრივ, კომპანია Enka Riniubels, რომელიც ნამახვან ჰესის კასკადის პროექტს ახორციელებს, ამტკიცებს, რომ კასკადის საპროექტო სამუშაოებიჯერ კიდევ 1930-იან წლებში დაიწყო, ხოლო პირველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 1972 წელს გაკეთდა. 2006 წელს დეტალური კვლევები ჩაატარა USAID-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ხოლო 2007 წელს - კომპანია Hydroproject International-მა. პროექტის განხორციელებადობის საბოლოო კვლევა ეკუთვნის იტალიურ კომპანია Studio Pietrangel-ს, რომელმაც ის 2015 წელს შეასრულა.

კომპანიაში იუწყებიან, რომ ტენდერის მოგების შემდეგ Enka Riniubels-მა განმეორებითი კვლევა ჩაატარა თითქმის ყველა ასპექტზე, რომელიც ადრე არის შესწავლილი.

განსაკუთრებული ყურადღება კომპანიამ დაუთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ჰიდროგეოლოგია, მეწყრული საფრთხის ზონის სეისმურობა, ჰიდროლოგია და კაშხლის უსაფრთხოება.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, 433 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქულ სამშენებლო ჰოლდინგ ENKA Insaat ve Sanayi A.S-ს მოიზიდავს.

 

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (141)

მთავარი თემები