08:01 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2518)
73 0 0

გაძვირებული წამლები და სამედიცინო მომსახურება – საჭირბოროტო პრობლემა თუ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გიგანტური კრიზისის ზღვაში წვეთი? ამ საკითხის გარკვევას „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შეეცადა.

საქართველოში კვლავ გაძვირდა წამლები და სამედიცინო მომსახურება. სააფთიაქო ქსელებში მთავარ ფაქტორად ლარის კურსს ასახელებენ.

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, სწორედ ამიტომ უწევს კერძო სექტორს იმპორტირებულ საქონელზე ფასების გაზრდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბერს აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი დაადგინა ნიშნულზე - 3,2948 GEL/$1.

მაგრამ რამდენად მაღალია დამატებული თანხა და რამდენით განსხვავდება ფასები, მაგალითად, მეზობელი თურქეთის ფასებისგან, სადაც საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ ხშირად ყიდულობენ საჭირო მედიკამენტებს?

„Sputnik-საქართველომ“ სცადა გაერკვია, როგორი მდგომარეობაა საქართველოში წამლებისა და სამედიცინო მომსახურების ფასების კუთხით.

რა და რამდენით გაძვირდა?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე 32,15%-ით გაიზარდა. გაძვირდა ასევე გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო პრეპარატები, თერმომეტრები, ტონომეტრები და ა.შ. გაძვირდა ვიტამინებიც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა.

გაძვირებული წამლები:

სისხლის მიმოქცევის მედიკამენტები +12,26%
ტკივილგამაყუჩებლები +32,15%
ანტიბიოტიკები          +6,66%
ვიტამინები     +9,59%
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები +10,63%
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები +9,91%
თერმომეტრები +12,47%
წნევის საზომი აპარატები +13,70%

გაძვირებული სამედიცინო მომსახურება:

კბილის ამოღება  +32,35%
სისხლის ანალიზი +9,54%
თერაპევტის კონსულტაცია +5,48%
სტომატოლოგის მომსახურება (დაბჟენა) +17,24%
ულტრაბგერითი გამოკვლევა +6,43%
სტაციონარული მომსახურება +3,94%
ქირურგიული მომსახურება +0,14%

ერთადერთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ გაძვირებულა, პირიქით, გაიაფდა – არის მშობიარობა. ამ მომსახურების ფასი 1,74%-ით შემცირდა.

საქართველოში ფიზიოლოგიური მშობიარობა დაახლოებით 850 ლარი ჯდება. პერსონალური ექიმი-გინეკოლოგის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ამ თანხას ემატება 250-დან 500 ლარამდე. ეპიდურალური ანესთეზია ჯდება 250 ლარი. საკეისრო კვეთა – 1500 ლარი.

„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3,8% შეადგინა. 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვეებთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,8% შეადგინა. 

თურქეთში მედიკამენტები გაცილებით იაფია

საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც მცირედი შესაძლებლობა მაინც აქვთ, რომ წამლები თურქეთში შეიძინონ, ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ, რადგან, როგორც გაირკვა, იქ წამლები გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში.

„დედაჩემს ინსულტი ჰქონდა, გადარჩა. ახლა მკურნალობა სჭირდება. წამლები მთელი ცხოვრება უნდა სვას. მას ქრონიკული დაავადება აქვს, – ჰყვება თბილისის მკვიდრი მეგი ჩხეიძე. – მისი წამლები თვეში დაახლოებით 300-500 ლარი მიჯდებოდა, იმისდა მიხედვით, როგორ ცვლიდა ექიმი პრეპარატების დოზებს. ახლა 500-700 ლარი მიჯდება. ეს მეტისმეტად ძვირია.

მიწევს დახმარებისთვის ახლობლებს მივმართო და მოვძებნო ადამიანები, რომლებიც თურქეთიდან ჩამოდიან. მაგალითად, წამალი „ეპიქსი“ აქ 137 ლარი ღირს, თურქეთში კი 50 ლარი ჯდება. ამ თვეში გამიმართლა, იქით კვირაში ორ კოლოფს ჩამომიტანენ. მინდოდა მეტის შეძენა და მომარაგება, მაგრამ არ გამომივიდა. საქართველოში წამლები ძალიან ძვირია“.

იმერეთის რეგიონის მცხოვრები კახა ტალახაძე ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ მის მეუღლეს დაუსვეს დიაგნოზი – მკერდის კიბო. დასჭირდა ძვირადღირებული მკურნალობა. მას მოუხდა უძრავი ქონების – მიწების გაყიდვა, საიდანაც შემოსავალს და მოსავალს იღებდა.

„ამ მიწებს არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ გავყიდდი, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა, – ამბობს კახა. – ბანკმა ასეთი დიდი თანხა არ მომცა, მოცდაც არ შემეძლო, ასე რომ, როგორც კი მყიდველი გამოჩნდა, დაუფიქრებლად გავყიდე.

მეუღლე გაცილებით უკეთაა, მაგრამ ახლა მე გავხდი ავად – გულით. ოპერაცია გამიკეთეს. საბედნიეროდ, ოპერაციის 70% სახელმწიფომ დააფინანსა. ნათესავებმა ფული შემიგროვეს და გამომიგზავნეს. ამ თანხით საჭირო წამლები შევიძინეთ. ძალიან ძვირი ღირს“.

ტალახაძემ ჯერ არ იცის, რით იყიდის წამლებს მომავალ თვეებში. აპირებს დახმარებისთვის რაიონულ ადმინისტრაციას მიმართოს, მაგრამ იქ დახმარება ერთჯერადია.

„თუ ფული არ გაქვს და ავად გახდი, ჩათვალე, რომ შენი საქმე წასულია. სამწუხაროდ, ასეა“, – ამბობს ტალახაძე.

ყველაფერში დამნაშავე ლარის კურსია

კომპანია HB-Georgia-ში, რომელიც ფარმაკოლოგიური და სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუციითაა დაკავებული, აცხადებენ, რომ წამლის ფასები კორონავირუსის პანდემიისა და ლარის არასტაბილური კურსის გამო იზრდება.

„წამლების გაძვირების მთავარი და ძირითადი მიზეზი ლარის კურსია. დიახ, მომწოდებლებიც ზრდიან ფასებს, მაგრამ უმნიშვნელოდ. ლარის კურსი, რომელიც მუდმივად თამაშობს, ფასებზე აისახება, იზრდება, რა თქმა უნდა, თვითღირებულებაც. პანდემია ბიზნეს-სტაბილურობას ხელს უშლის. ყველაფერი ურთერთგადაჯაჭვულია“, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ნიკოლოზ ნიკოლაძე.

ამასთან, ნიკოლაძის თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წამლების ფასები არ შეიცვალოს, მაგრამ ეს მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული. „უკვე დღეს საუბარია იმაზე, რომ კვლავ მოგვიწევს მედიკამენტების გაძვირება“, – აღნიშნავს ნიკოლაძე.

არასტაბილური სიტუაცია = წამლების გაძვირება

„რატომ გაძვირდა? იმიტომ რომ ლარი გაუფასურდა. ყველა წამალს უცხოურ ვალუტაზე ვყიდულობთ – დოლარზე, ფუნტ სტერლინგზე, ევროზე, – აცხადებს ჯანდაცვის საკითხთა ექსპერტი ვატო სურგულაძე. – ასე რომ, თუ არ იქნება სტაბილური ვითარება, წამლები კვლავ გაძვირდება“.

პანდემიის პირობებში წამლების ფასები და მოქალაქეთა დახმარება ყველაზე ცოტაა, რაზეც შეიძლება იფიქროს ხელისუფლებამ, მიიჩნევს ექსპერტი.

„ამჟამად მერია აპირებს მილიონის გადახდას ნაძვებში. ამ ფულით შეიძლება ყველა კოვიდ-ინფიცირებულისთვის, რომელიც მკურნალობს როგორც სახლში, ისე კოვიდ-სასტუმროში, შეიძინოს პულსოქსიმეტრები, რომელთა დახმარებითაც შეიძლება სატურაციის გაზომვა. ეს კი ყველაზე კარგი მეთოდია იმისთვის, რომ ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს“, – ამბობს სურგულაძე.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას არ უნდა იმის აღიარება, რომ ქვეყანაში კატასტროფული სიტუაციაა. ამასობაში პრობლემები, სურგულაძის თქმით, არის ყველა საავადმყოფოში, სექტორში, ასევე წამლების შეძენის საკითხებში, ექიმების, მკურნალობის და ბევრი სხვა მიმართულებით.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ღირს თუნდაც თურქეთში წამლები საგრძნობლად იაფი, ვიდრე საქართველოში, ეს, ვატო სურგულაძის აზრით, უკავშირდება, ერთი მხრივ, იმას, რომ თავად ქვეყანა ბევრ რამეს აწარმოებს, მეორე მხრივ კი იქ სახელმწიფო გაძვირებული მედიკამენტების დიდი ნაწილის სუბსიდირებას ეწევა. როდესაც იქ წამლები ძვირდება, თურქეთის მთავრობა ამ სხვაობას ანაზღაურებს, აღნიშნავს სურგულაძე.

არავინ არ უნდა აღმოჩნდეს მარტოდმარტო COVID-ის პირისპირ

ამგვარად, ექსპერტის სიტყვებით, საქართველოს მრავალი მოქალაქე პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. განსაკუთრებით უჭირთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, რომლებსაც ხანგრძლივი და პერმანენტული მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდებათ.

„მთავარი ამოცანა ხომ არის – ადამიანი არ დარჩეს მარტოდმარტო კოვიდის პირისპირ არც ერთი წუთით. მან უნდა იცოდეს, ვის და როდის მიმართოს. თუ გიცდიათ „112“-ზე ან „1505“-ზე დარეკვა? სასწრაფოში გეუბნებიან, რომ თუ გყავთ ნაცნობები საავადმყოფოში, მაშინ გადაგიყვანენ. ეს სრული კატასტროფაა. ეს მმართველი აპარატის კრახია. სრული კრახი“, – აცხადებს სურგულაძე.

სურგულაძე ერთ-ერთია იმ ექსპერტთაგან, რომელმაც მოამზადა მიმართვა მთავრობისადმი და მოითხოვა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაფართოება. მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაიწყოს ექსპერტების რჩევების მოსმენა, „ლოკდაუნი“ კი გამოსავალი არ არის, დარწმუნებულია სურგულაძე.

„ჩინეთში პირველი ინფიცირებული ადამიანის დარეგისტრირების შემდეგ ერთი წელი გავიდა და მსოფლიომ დღემდე არაფერი იცის ამ ვირუსზე. დიახ, ჩვენ მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ერთი წლის წინ, მაგრამ როგორ განიცდის ვირუსი მუტაციას, როგორ იმუშავებს ვაქცინა, თუ მას შექმნიან?“ – აღნიშნავს სურგულაძე.

მისი თქმით, ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინას შვიდი წელი ამზადებდნენ, მაგრამ ის დღემდე არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. არ არის შექმნილი ვაქცინა კორონავირუსის „ნათესავების“ – 40%-იანი ლეტალობის მქონე SARS-ისა და MERS-ის წინააღმდეგ. ამასთან, სურგულაძე დარწმუნებულია, რომ არავინ იცის, როგორ იმოქმედებს ვაქცინა ნერვულ, შარდსასქესო, რეპროდუქციულ სისტემებზე, როგორი გენეტიკური მუტაცია შეიძლება გამოიწვიოს და ა.შ.

ჯერ კი მსოფლიო ისტერიულად მისდევს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას და ახალ პრეპარატებს, პანდემია კი ძალას იკრეფს და სულ უფრო მეტი სიცოცხლე მიაქვს, ანგრევს ეკონომიკას. ამ ყველაფრის ფონზე წამლის ფასები, საუბედუროდ, პირველი რიგის პრობლემა ხდება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2518)

მთავარი თემები