05:23 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
45401

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის №67 საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

საოლქო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელო საქართველოსთვის" წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

დღევანდელ კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი უნდა შედგეს, რომელსაც კომისიის ყველა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი.

„დღეს საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები ყველგან საპროტესტო აქციების ფონზე იმართება. ჩვენმა წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან აზრს ვერ ვხედავთ გამყალბებელი კომისიის სხდომაზე დასწრების. ზუგდიდის მასშტაბით 4 ათასამდე ბიულეტენი გაბათილდა, რაც უკანონობაა. სარჩელით სასამართლოსაც მივმართეთ, მაგრამ სასამართლომ ჩვენი სარჩელი არც კი განიხილა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ.

ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს ასევე ფოთის №70 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელიც პროტესტის ნიშნად „ნაცმოძრაობის“ წევრმა დავით ხომერიკმა დატოვა. 

„რაც საოლქო საარჩევნო კომისიაში ახლა ხდება, ეს არის სრული ფარსი და წინასწარ დადგმული სპექტაკლი. კომისიის წევრებს მოვუწოდე, არ მიეღოთ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი მოწოდება რეაგირების გარეშე დარჩა. სხდომაზე გაყალბებული არჩევნების „გაპრავება“ ხდება“, – განაცხადა დავით ხომერიკმა.  

საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს, ოპოზიციის მოქმედებებს კი დესტრუქციად აფასებენ.

ნიკა ლატარია

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები