ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

© Sputnik / Seyran Baroyanაქცია ბათუმში
აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოლქო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციის პრეტენზიები უსაფუძვლოა და, ხარვეზების მიუხედავად, არჩევნების შედეგები რეალობას ასახავს.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: ცესკომ გადათვლილ ხმებთან დაკავშირებით ანგარიში წარმოადგინა

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მომხრეები საოლქო კომისიის შენობასთან არიან შეკრებილი და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

დღევანდელ კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი ოქმები უნდა შედგეს, რომელსაც კომისიის ყველა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი.

„აჭარაში 25 ათასი ბათილი ბიულეტენია, 5,6 ათასზე მეტი ბიულეტენი კი დაკარგულია, ოქმების 75%-ში ბალანსი არ ჯდება... მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბება დადასტურდეს?! შემაჯამებელი ოქმის შედგენა ჩვენი პროტესტის ფონზე მოუწევთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.

საოლქო კომისიაში კი აცხადებენ, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა და, ხარვეზების მიუხედავად, არჩევნების შედეგები რეალობას ასახავს. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ შეუშინდებიან არჩევნების მეორე ტურს

„საჩივრების განხილვისას ჩვენ ორი საარჩევნო უბნის შედეგები გადავთვალეთ. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომებს და ბალანსი მივიღეთ. ამიტომაც დღეს ჩვენ შემაჯამებელ ოქმს შევადგენთ. დანარჩენი საჩივრები მათი უსაფუძვლობის გამო არ განიხილება“, – განაცხადა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტი კომისიის სხდომაზევე გამოხატეს – სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად დატოვეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს, ოპოზიციის მოქმედებებს კი დესტრუქციად აფასებენ.

ყველა ახალი ამბავი
0