თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ რჩევები მისცა კოვიდ-ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ და აღნიშნა, რომ მათ უნდა მიიღონ ბევრი წყალი და ლიმონი, რომელიც სისხლს ათხელებს.
გარდა ამისა, დაავადებულებს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ოჯახის ექიმთან და ფიზიკურად იაქტიურონ.
„იმისთვის, რომ თრომბოემბოლიის რისკი შევამციროთ, პირველ რიგში, ეს არის ბევრი სითხის მიღება, წყლის მიღებაა ყველაზე კარგი. ასევე აუცილებლია მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. სულ მცირე, უნდა ვიაროთ“, – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ამ დროისათვის საქართველოში 30 ლაბორატორია მუშაობს, სადაც PCR ტესტის გაკეთება შეიძლება. ქვეყანაში დღეში დაახლოებით 10 ათასი ასეთი ტესტი კეთდება.
იმნაძემ ასევე მიმართა მოსახლეობას და სთხოვა, რომ არ ჩათვალონ კორონავირუსი მსუბუქ ინფექციად ან დაავადებად, რომლის გამოც მხოლოდ მოხუცი ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები იღუპებიან.
„დღეში რომ საშუალოდ 20 ადამიანი გარდაიცვლება პატარა საქართველოში, ეს არ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას დამშვიდების საშუალებას უნდა აძლევდეს. რაც უფრო ფართოდ ვრცელდება ინფექცია, ჩვენ ვხედავთ, რომ გარდაცვალების შემთხვევები არის ახალგაზრდებშიც“, – აღნიშნა იმნაძემ.
ეპიდემიოლოგი ასევე შეეხო კორონავირუსის ვაქცინის თემას, რომელიც გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა შეიმუშავეს. კომპანიებმა კლინიკური ცდების წარმატებული მესამე ფაზის შესახებ განაცხადეს – ვაქცინამ აჩვენა, რომ კორონავირუსის ინფიცირების აღკვეთა 90%-იანი ეფექტურობით შეუძლია. ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანა აშშ-ში უკვე ნოემბერში იგეგმება.
პაატა იმნაძე: რაც მეტი დაავადდება, მით მეტი დაიღუპება>>
„კიდევ რამდენიმე ვაქცინა გადის მესამე ფაზას და ბოლოსკენ მიდის, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელს კორონას საწინააღმდეგოდ დედამიწას, ადამიანებს გაუჩნდებათ ეფექტიანი საშუალება. ამ ვაქცინამ ადამიანების დიდ ჯგუფზე გაიარა გამოცდა, ამიტომ მის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ“, – აღნიშნა იმნაძემ.