23:59 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2476)
39310

ცერცვაძის განმარტებით, სავალდებულო გამოკვლევებით დადგინდება, რამდენად მძიმეა კოვიდ-სასტუმროში ან ბინაზე მყოფი პაციენტი და შესაბამისი ჩარევით  გართულებები თავიდან იქნება აცილებული.

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. დღეიდან კოვიდ-სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცერცვაძის განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტების 75% ბინაზე და კოვიდ-სასტუმროში გადის მკურნალობის კურსს, ხოლო  25% - კოვიდ-კლინიკებში.

მისი თქმით, დღევანდელი სხდომა ეთმობოდა იმას, თუ როგორ გაუმჯობესდეს ბინაზე და კოვიდ-სასტუმროში პაციენტების მკურნალობა, რათა მინიმიზებული იყოს ბინაზე დატოვებულების გარდაცვალების რისკები. ინფიცირებულებს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა.

„ყველა სასტუმროში დატოვებულ პაციენტს და ბინაში მყოფთა ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. ეს შერჩევით დღესაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, D დიმერის განსაზღვრით დადგინდება, აქვს თუ არა პაციენტს თრომბოემბოლიური რისკი და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული. სისხლის ანალიზი კი იძლევა სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება, ხოლო სატურაციის განსაზღვრა ექიმებს მისცემს საშუალებას, განსაზღვრონ, რამდენად არის პაციენტი ჟანგბადზე დამოკიდებული.

უფრო ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის ყველაზე ხშირად თრომბოემბოლიის შემთხვევები ფიქსირდება. მან აღნიშნა, რომ ექიმებმა, განსაკუთრებით კოვიდ–სასტუმროებში მყოფმა მედიკოსებმა, უნდა შეაფასონ პაციენტებს შორის თრომბოემბოლიის განვითარებასთან დაკავშირებული რისკები და აუცილებლობის შემთხვევაში D-დიმერის ანალიზი ჩაატარონ, რომელიც, მისი აზრით სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 618, კოვიდ-სასტუმროში - 2 438, ხოლო 7 469 პაციენტი მკურნალობს ბინაზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)

მთავარი თემები