03:43 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
65 0 0

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მეექვსე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ლოკალურ აქციებს ატარებს, ხოლო კვირას, 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“ საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. 

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ყველა დამნაშავემ, პირველ რიგში ცესკომ, შესაბამისი პასუხი უნდა აგოს.

„პროკურატურასთან პერფორმანსი ჩავატარეთ და თან საჩივარი შევიტანეთ. მოვითხოვთ – თამარ ჟვანიასა და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. აქციაზე სიმბოლურად მივიტანეთ ხელბორკილი, რომელიც არ ასცდება არც ჟვანიას და არც საოლქო კომისიების თავმჯდომარეებს, თუ ისინი უმოკლეს ვადებში არ აღიარებენ ქართველი ხალხისათვის არჩევნების მოპარვას“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

როგორც ჩხარტიშვილმა აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტია“ ცესკოს თავმჯდომარესა და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებს არჩევნების გაყალბებას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მეექვსე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ლოკალურ აქციებს ატარებს, ხოლო კვირას, 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები