12:24 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)
60 0 0

ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 526 022 ამომრჩეველი.

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყო, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს–სპიკერნა ანა მიქელაძემ.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი.

არჩევნები საკარანტინო ზონებში: მთავარი წესები და კენჭისყრის პროცედურა>>>

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი დააკვირდება.

„თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - 584 000 ბიულეტენი“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური - 135 საარჩევნო უბანს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის. 

31 ოქტომბრის არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევს: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.  პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს

მიქელაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველს გადაეცემათ ორი ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხოლო იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები, კერძოდ, თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, მოქალაქეები მიიღებენ 3 ბიულეტენს.

კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენთან ერთად, ასევე მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერის ასარჩევ ბიულეტენს. აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან იქ საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ 4 ბიულეტენს.

რაც შეეხება აჭარას, ამომრჩევლები მიიღებენ 4 ბიულეტენს - ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს - აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. 

„კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი“, – განაცხადა მიქელაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 526 022 ამომრჩეველი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)

მთავარი თემები