თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. 19 ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყანაში 900 საწოლი იყო თავისუფალი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გახარია: მკაცრ ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს >>
მან აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 1 186 შემთხვევიდან ჰოსპიტალურ მკურნალობას პაციენტების დაახლოებით 25 პროცენტი საჭიროებდა.
რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანების ფაქტებს, გამყრელიძის თქმით, სისტემა გადატვირთულია, თუმცა ამავე დროს იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი დალაგდება.
„ჩვენ დაახლოებით 300 ახალი შემთხვევიდან უცბად ავედით 500-ზე, შემდეგ 800-ზე, 1 100-ზე. ეს არ არის მარტივი ადაპტაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც ჩადგება ჩარჩოებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას. მისი თქმით, მიუხედავად მოწოდებებისა და გაფრთხილებებისა, რომ კაფე-ბარებსა და რესტორნებში 10 საათის მერე არ შეკრებილიყვნენ, თავშეყრები თბილისიდან მცხეთაში გადაიტანეს.
„არ შეიძლება ამის კეთება, გთხოვთ კიდევ ერთხელ, ცეცხლს ვეთამაშებით. ამ შეკრების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ დავიცავთ ყველა წესს, დამერწმუნეთ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მთვარობის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში კაფე-ბარები და ასევე ყველა გასართობი დაწესებულება 10 საათამდე მუშაობს.
ცერცვაძე: ქვეყანა მაშინ ჩაიკეტება, როცა ვეღარ შევძლებთ შემთხვევების ადეკვატურ მართვას >>
ტესტირების მონაცემების თანახმად, 1 მილიონ მოსახლეზე საქართველოში 213 ათას PCR ტესტს აკეთებენ, ამას ემატება ანტიგენზე დაფუძნებული ასი ათასი ტესტი.
„ევროკავშირის ქვეყნებს შორის სადღაც შუა მაჩვენებელზე ვართ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სერიოზულად რთულდება ეპიდსიტუაცია, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ეს ყველაფერი მართვადია. მართვადია როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში 1186-ით ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვმა 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143.