თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული ლიცენზირებული ექიმების დეფიციტი შეიმჩნევა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, სპეციალისტების ნაკლებობაა როგორც მაღალკვალიფიციური მედპერსონალის, ისე ექიმებში აუცილებელი ლიცენზიის ფლობის კუთხით.
„ჩვენ გვესაჭიროება არა მხოლოდ საწოლფონდი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ – რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ექიმების კუთხით, რათა შესაძლებელი გახდეს პაციენტების მართვა. სწორედ ამის გამო ვცდილობთ მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების შეკავება. რადგან არსებობს იმის რისკი, რომ დაინფიცირებული ადამიანების ჯამური რაოდენობა იქნება დიდი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მთელი საქართველოს მასშტაბით ინფიცირებულთა მკურნალობის მიზნით კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში მობილიზებული იქნება დაახლოებით 10 ათასი საწოლი, დასძინა ტიკარაძემ.
COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში: შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>>
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. ბოლო 24 საათში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 919 ინფიცირებული. გუშინ ეს მაჩვენებელი 680 იყო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 14440-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.