21:32 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2155)
80 0 0

გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინფექცია უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებს, ვიდრე ტუბერკულოზი, მალარია, შიდსი და С–ჰეპატიტი.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

„დაცვის ყველაზე კარგი საშუალება პირბადეა. მისი ტარება, როცა ინფექციის ზრდა შეიმჩნევა, აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდება. პირბადე 50%-დან 75%-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. ამიტომაც ყველას გთხოვთ, დაიცვათ უბრალო წესები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან საზოგადოებას ასევე მოუწოდა, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა და ქელეხების გამართვისგან. ბოლო პერიოდში ინფიცირების ძირითადი წყაროები სწორედ ასეთ ღონისძიებებს უკავშირდება, აღნიშნა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევები იზრდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აღნიშნული ინფექცია უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებს, ვიდრე ტუბერკულოზი, მალარია, შიდსი და С–ჰეპატიტი.

„მოსაზრება, რომ მსოფლიოში კორონავირუსი არაა, რომ იგი უბრალოდ სურდოა და მალე გაივლის, არასწორია. კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, რომლის მსხვერპლი უკვე გახდა მილიონი ადამიანი და არსებობს პროგნოზი, რომ, სამწუხაროდ, მომავალ გაზაფხულამდე კიდევ მილიონი ადამიანს იმსხვერპლებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევები ძირითადად სიმპტომურ პაციენტებზე მოდის, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, კოვიდ–ცენტრებსა და ონლაინ–კლინიკებს.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 680 ახალი პაციენტიდან 382 სიმპტომურია. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პირველივე სიმპტომის დროს (ტემპერატურა, სუნთქვის გართულება, ხველა) დარეკონ „112“-ში, რათა ოჯახის ექიმმა რეაგირება დროულად მოახდინოს. მათ ტესტირება ჩაუტარდებათ, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი უმკურნალებენ დადგენილი პროტოკოლის თანახმად.

გამყრელიძის განცხადებით, 680 ახალი შემთხვევიდან 167 ინფიცირებულებთან კონტაქტია.

„ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფმა პირებმა არ უნდა სცადონ ტესტის იმავე დღეს გაკეთება. მთავარია, რომ ისინი 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ. თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, მაშინ მათ „112“-ს უნდა მიმართონ“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

მიუხედავად ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაფიქსირებული ანტირეკორდული მაჩვენებლისა, შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიებების გატარება არ იგეგმება, აღნიშნა გამყრელიძემ. განხორციელდება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, რამდენადაც საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, მკაცრ შეზღუდვებს ვეღარ გამოაცხადებს.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგებს იმედი ჰქონდათ, რომ კორონავირუსი, როგორც სხვა რესპირატორული ინფექცია, ზაფხულში გაქრებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და კაცობრიობას მასთან ერთად ცხოვრების სწავლა მოუწევს.

საქართველოში ასევე იზრდება მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევები – მათი რიცხვი 54-ს აღწევს. გარდა ამისა, გამყრელიძემ გამოყო სამი რეგიონი, რომელიც ინფექციის გავრცელების კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს – თბილისი, აჭარა და იმერეთი.

კორონავირუსის პანდემიის გამო სვეტიცხოვლობის დღესასწაული ღონისძიებების გარეშე ჩატარდება>>>

მან მოსახლეობას ეკლესიებშიც პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდა. გამყრელიძის თქმით, ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა ზოგიერთ ეკლესიაში გამოვლინდა.

„დღეს დიდი დღესასწაულია – სვეტიცხოვლობა. მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც დღეს ტაძარში მიდიან, პირბადე გამოიყენონ და არ მოიხსნან იგი. აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. დისტანციის დაუცველობა ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2155)

მთავარი თემები