თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა ბათუმსა და თბილისში – ბათუმში ოთხი და თბილისში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 680-ით გაიზარდა და 13521-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7159 ადამიანი, გარდაიცვალა – 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.