11:18 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2567)
14410

დღეს ცნობილი გახდა, რომ დამატებითი შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით ღონისძიებები გამკაცრდეს.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, პირბადეები ღია სივრცეებშიც ატარონ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამყრელიძე: პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ>>

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში თბილისში მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. დღეს გამოვლენილი 478 ახალი შემთხვევიდან 178 სწორედ დედაქალაქს უკავშირდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც, შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა – მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობა მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი.

უწყებათშორისი საბჭო ასევე რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა.

დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლოა ღონისძიებები გამკაცრდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ თბილისში პირბადეების ინტენსიური ტარებისა და რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში დამატებითი შეზღუდვების მიღება არ გახდება საჭირო.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 93 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2567)

მთავარი თემები