08:07 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2228)
78 0 0

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს, განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით რვა თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ადამიანებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი ვერაფერი შესთავაზა. ძალაში ძველი მითითებები რჩება – პირბადე, დისტანცია, თავშეყრისგან თავის არიდება და ა.შ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ადაპტაციისა და პანდემიის მართვის ეტაპზეა და მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები. პრემიერი ამ ეტაპზე შეზღუდვების შემოღების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე. ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება რომ გავიმეოროთ, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა, ამისთვის საჭიროა, რომ ამ სამმა კომპონენტმა – მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა – იმუშაოს ერთად. შესაბამისი პასუხისმგებლობა ყველამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოში მუშაობას აგრძელებს ეკონომიკის, განათლების სფეროები, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი და არანაირი საფუძველი და სურვილი არ არსებობს ყოველივე ამის შეზღუდვისთვის. 

„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს ადამიანებს არავინ აიძულებს სახლში დარჩენას, თუმცა, ხანდაზმულები განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქუჩაში არ უნდა გავიდნენ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 578-ით გაიზარდა და 8696-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 4 619 ადამიანი, გარდაიცვალა 53. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2228)

მთავარი თემები