დარგალი: ყველანაირად ვგმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე

© Sputnik / Viktor Kaminskyსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ჩვენ ყველანაირად ვგმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ეს მიუღებელია, განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
მარნეულში მომხდარი ინციდენტის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო

გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ამას გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ „პირველი არხის“ ოპერატორსა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს. დამტვრეულია აპარატურაც.

მარნეულის მერის განცხადებით, პროვოკაცია და ძალადობა მმართველი გუნდის ინტერესში არ შედის.

„მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა დაპირისპირება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. პროვოკაცია და ძალადობა – ეს არ არის ჩვენი სტილი, ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, ბოლო დღეებში ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შტაბებზე თავდასხმისა და არაერთი ძალადობის ფაქტის მიუხედავად, ამ დრომდე არავინაა დასჯილი. 

Патрульная полиция на месте происшествия - Sputnik საქართველო
მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ დასჯილი არავინ არის, რადგან თავად ხელისუფლება იყენებს ამ ადამიანებს ძალადობის ინტრუმენტად. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მარნეულში, ბოლნისსა და გლდანში წაგებული აქვს არჩევნები. ამიტომაც სწორედ იქ ესხმის თავს ჩვენი შტაბის წევრებს, სადაც გამარჯვების იმედი არ აქვს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მარნეულში ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს, ორი პაციენტი მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში იმყოფება, მესამემ კი კლინიკა უკვე დატოვა.

კლინიკის ექიმის ლიკა მემანიშვილის განცხადებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ერთს აღენიშნება ჰაიმორის წინამედიალური კედლის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა. მეორე პაციენტს ტრავმული დაზიანებები არ აქვს, გამოხატულია ზედაპირული დაზიანებები სახის არეში. მესამე პაციენტი სტაბილურ მდომარეობაში გაეწერა კლინიკიდან“, – აღნიშნა ექიმმა.

მარნეულში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0