აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

გამოწერა
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლება და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. შეზღუდვები არის საბაზისო, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
აჭარაში რესტორნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება

„სწორედ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება მინიმალური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. ტაქსით მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მეორე ლოკდაუნი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ასეთ რყევას ვეღარ გაუძლებს, და ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით შემოიფარგლება.

ყველა ახალი ამბავი
0