თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, მნიშვნელოვანია რეგიონში კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.
შექმნილი ეპიდვითარების ფონზე გამყრელიძემ განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოუწოდა, რომ ვითარების დასტაბილურებამდე მობილობა შეამცირონ.
„განსაკუთრებით მოვუწოდებ ხანდაზმულებს, ვიდრე აჭარაში სიტუაცია დასტაბილურდება, შეამცირონ მობილობა. რა თქმა უნდა, მათ არავინ დააჯარიმებს, მაგრამ სასურველია, რომ რეგიონში კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარაში ხვალიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდება, რაც კორონავირუსის მხრივ რთული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით წესდება. კერძოდ, საღამოს 10 საათიდან დილამდე მუშაობას შეწყვეტენ რესტორნები. მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამასთან, 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.