თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ქუთაისში კოვიდ-ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა>>
კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას ინფორმაციით, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.
„საკეისრო კვეთა დასრულდა. ორივე თავს კარგად გრძნობს. მიმდინარეობს ბავშვის მოწესრიგება, უნდა გადავიდეს ბოქსირებულ განყოფილებაში და დღის განმავლობაში ახალშობილს ტესტირება ჩაუტარდება. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, აქვს თუ არა ბავშვს კორონავირუსი. ჯერჯერობით დედა და შვილი იზოლირებულად იქნებიან მოთავსებული“, – განაცხადა პაპავამ.
სამშობიაროში დღეს კიდევ ერთი ინფიცირებულის საკეისრო კვეთაა დაგეგმილი.
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში მეორე პაციენტსაც ჩაუტარდება საკეისრო კვეთა“, – აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 227 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ინფიცირებულთა რაოდენობაა 4 140. დღეს გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა ორი ადამიანი. სულ გარდაცვლილია 25 პაციენტი. დღეისათვის აქტიური შემთხვევაა 2 473.
ინფიცირების ახალი შემთხვევების მხრივ კვლავ აჭარა ლიდერობს. ბოლო 24 საათში იქ 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.