06:21 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
112 0 0

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი აქამდე არსებული 4 ათასი ლარის ნაცვლად ხელზე 10 ათას ლარს აიღებს.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული  გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის ხელფასი 2,5-ჯერ გაიზარდა, იუწყება „პირველი არხი“.

ამიერიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი 4 ათასი ლარის ნაცვლად ხელზე 10 ათას ლარს მიიღებს.

დღესვე ცნობილი გახდა გენერალური დირექტორის პოსტზე იმ ოთხი კანდიდატის ვინაობაც, რომელებიც მეორე ტურში გადავიდნენ. ესენი არიან გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი, მომღერალი და კომპოზიტორი ირმა სოხაძე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და რეჟისორი ალექსანდრე ვახტანგოვი.

კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა, ირმა სოხაძე - 7 ხმა, ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა, ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა.

გენერალური დირექტორის არჩევნები პარასკევს, 25 სექტემბერს არის ჩანიშნული. ერთი დღით ადრე კი ყველა კანდიდატი ტელეარხის განვითარების საკუთარ ხედვას ონლაინ რეჟიმში წარმოადგენს.

ყველა კანდიდატი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი რეიტინგი უნდა გაზარდოს და მაყურებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

18 აგვისტოს თანამდებობა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ამ პოსტს 2017 წლის იანვრიდან იკავებდა. მაღლაფერიძემ გადადგომის მიზეზად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა.

ახლა გენერალური დირექტორის მოვალეობას მაღლაფერიძის ყოფილი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.

ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში განაცხადეს, რომ გენერალური დირექტორის პოსტზე შესარჩევი კონკურსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს, საჭირო პროცედურები კი სულ მცირე თვე-ნახევარი შეიძლება გაგრძელდეს.

ახალი შენობა

პარალელურად საზმაუ ყიდის თავის შენობას, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ეს შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. შენობა აუქციონზე სამჯერ გაიტანეს, თუმცა არც ერთხელ მყიდველი არ გამოუჩნდა. თავდაპირველად შენობის 40 მლნ დოლარად გაყიდვა იგეგმებოდა. ამის შემდეგ შენობა აუქციონზე კიდევ ორჯერ გაიტანეს – 36 და 32,4 მლნ დოლარად, მაგრამ მცდელობა კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

მესამედ ჩატარებული აუქციონი საერთოდ ჩავარდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აუქციონის ჩავარდნა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისით ახსნეს და საბოლოოდ შენობის გაყიდვა საპარლამენტო არჩევნების დამთავრებამდე გადადეს.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, მათი შედეგები ცნობილი 2-3 კვირაში გახდება.

ამასთან ერთად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა უკვე გასცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობისთვის გამოყოფილია ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი.

მთავარი თემები