დასახელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკამერები
ტელეკამერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა, მანამდე კი არხს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი – გადამდგარი დირექტორის პირველი მოადგილე შეასრულებს, იუწყება „პირველი არხი“.

დღეს, დილით გადადგა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. გადადგომის მიზეზად მან საპარლამენტო არჩევნები დაასახელა, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

დღესვე გამოცხადდა კონკურსი გენერალური დირექტორის პოსტზე.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა პროცედურა კანონის მოთხოვნების შესაბამისი იქნება.

„ეს პროცესი გასავლელია, პროცედურები გაწერილია, მივყვებით კანონმდებლობას. თვე-ნახევრის განმავლობაში, ვიდრე იქნება ეს პროცესი, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება მიღებული რადიკალური ტიპის გადაწყვეტილებები. მივყვებით ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. ახალი სეზონი უკვე მოვიდა და ყველაფერი მზად არის, რათა დავიწყოთ ახალი სეზონი. მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ახალი გენერალური დირექტორი არ იქნება არჩეული, მაუწყებელი სტატუს–კვოს შეინარჩუნებს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

თავის განცხადებაში ვასილ მაღლაფერიძე ხაზს უსვამს ჟურნალისტების პროფესიონალიზმსა და არხის მიუკერძოებლობას.

ვასილ მაღლაფერიძე - Sputnik საქართველო
ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

„ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად საქართველოს პირველი არხის მოვალეობაა – მიუკერძოებლად გააშუქოს პოლიტიკური პროცესები, და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი და ჟურნალისტები სარგებლობენ მაქსიმალური თავისუფლებით“, – წერს მაღლაფერიძე განცხადებაში.

ყოფილი გენდირექტორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ ვინმეს, სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ მიეცეს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

2014-2016 წლებში ვასილ მაღლაფერიძე ტელეარხ GDS-ზე მუშაობდა გადაცემა „2030“-ის გენერალურ პროდიუსერად, 2012 წელს ის „მეცხრე არხის“ დირექტორის მოადგილე იყო. 1999-2005 წლებში მაღლაფერიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო, 2005-2008 წლებში — მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.

ყველა ახალი ამბავი
0