თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში სწავლების დისტანციური რეჟიმი ჯერჯერობით რჩება – განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში დისტანციური სწავლების პროცესის ორგანიზების შესახებ ბრძანება გამოსცა.
კერძო სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, საჯარო სკოლებში კი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან იწყება. მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა სასწავლო პროცესის დაწყების გადადებას არ გეგმავს.
მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ დისტანციური სწავლებისას რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს სამი გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილების ხანგრძლივობა კი უნდა იყოს: I-IV კლასებში – 15-20 წუთი; V-IX კლასებში – 25-30 წუთი; X-XII კლასებში – 35-40 წუთი.
ამასთან, რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგალითად, ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე ან თვალის რამდენჯერმე დახამხამება და ა.შ.
სკოლამ უნდა იზრუნოს იმის თაობაზე, რომ არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა და არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.
საგანმანათლებლო დაწესებულება ასევე ვალდებულია უზრუნველყოს I-IV კლასების მოსწავლეთა გაკვეთილებზე მაქსიმალური დასწრება.
მინისტრი ყველა სკოლას მოუწოდებს და ავალდებულებს თითოეული მოსწავლის ინტერესების, მათი პირადი მონაცემებისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას.
პანდემიის პირობებში სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია შერეული სწავლების საკუთარი მოდელი დანერგოს (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად), მაგრამ I-IVკლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების სასკოლო სივრცეში ჩატარება სავალდებულოა.
V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII–XI კლასებში – მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე.
შერეული სწავლების მოდელი სკოლის ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან უნდა შეათანხმოს.
სკოლებს ასევე შეუძლიათ თავად განსაზღვრონ გაკვეთილების ხანგრძლივობა (მინიმუმ 30 წუთი) და საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო უფროსი, საშუალი და დაბალი კლასებისთვის (08:30, 08:45 ან 09:00).
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა.