06:10 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (215)
167 0 0

პენსიები არა მარტო გროვდება, არამედ იზრდება – საპენსიო აქტივებზე საპროცენტო დარიცხვებმა უკვე 79,5 მილიონი ლარი შეადგინა.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. 8 სექტემბრის მონაცემებით, დაგროვებული პენსიით უკვე 447 ადამიანმა ისარგებლა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე.

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით საქართველოში >>

მათ შორის, ვინც დაგროვებული პენსიით ისარგებლა, 211-მა მოქალაქემ დაგროვილი თანხა მიიღო საპენსიო ასაკის შესრულების საფუძველზე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით – 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა 49 პირმა.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, თვეში საშუალოდ 9000 ადამიანით. ამ დროისათვის სქემაში მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

საპენსიო აქტივებზე საპროცენტო დარიცხვებმა უკვე 79,5 მილიონი ლარი შეადგინა.

სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11,1%-ში, რაც 2,3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს – აგვისტოს მდგომარეობით ის 4.8%-ს უდრის.

გარდა ამისა, საპენსიო აქტივების წლიური აქტივობა 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. ახალი საპენსიო სისტემა სავალდებულო ხასიათს ატარებს.

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ინვესტიცია განახორციელა – სახსრები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (215)

მთავარი თემები