თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ისრაელის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
კერძოდ, ვებ-გვერდზე Georgia in Israel საელჩო იტყობინება, რომ 8 სექტემბრიდან ისრაელის „წითელი სტატუსის“ ქალაქებში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში კომენდანტის საათი იმოქმედებს.
სიაში შესულია ქალაქები: აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი, კირიატ იარიმი და ა.შ.
იზღუდება პრაქტიკულად ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულ ზონებში დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. აკრძალულია დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი და ღია სივრცეში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
ისრაელში ამ დროისთვის კორონავირუსის დაახლოებით 134 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1000-ზე მეტი ადამიანი.