COVID-19 აჭარაში: ვირუსი მასწავლებელს და „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეს დაუდგინდა

გამოწერა
პრემიერ გახარიას განმარტებით, მიუხედავად ახალი შემთხვევების მატებისა, აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში კორონავირუსი პედაგოგს დაუფიქსირდა, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სასწავლო დაწესებულებასთან, მისი ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, განუცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ნონა ეფაძემ „აჭარის ტელევიზიას“.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 20 აჭარაში გამოვლინდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მასწავლებელმა ერთ-ერთ პოლიკლინიკას ტესტირების ჩასატარებლად თავად მიმართა – ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება

„ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს ინფექცია დაუდასტურდა, მას შეხება ჰქონდა ორ სასწავლო დაწესებულებასთან და კოლეგებთან. შესაბამისად, დაგეგმილია აღნიშნულ პირთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის მოკვლევა და ტესტირება“, – განაცხადა ეფაძემ.

ბათუმში კორონავირუსი ასევე დაუდგინდა ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულ ერთ ადამიანს. იგი ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია. 

ეფაძის განცხადებით, აღნიშნული ბაზრობა არ გაიხსნება და იქ დასაქმებულებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

„დღეს აღნიშნული სავაჭრო ცენტრი დაკეტილია, რადგანაც გეგმიურად თვის პირველი ორშაბათი სანიტარული დღეა. თუმცა, რადგან ე.წ. ხოფის ბაზრობა დიდი სავაჭრო ცენტრია და მოქალაქეების მობილობაც მაღალია, ხვალ ბაზრობა მუშაობას არ განაახლებს და დასაქმებულთა უფასო ტესტირება დაიწყება“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.  

აჭარაში ზაფხულის სეზონზე კორონავირუსის შემთხვევების მომატებული რაოდენობა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 88 პაციენტი მკურნალობს. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
გახარია: კორონავირუსის აფეთქების გამო ბათუმი არ ჩაიკეტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

გახარიას სიტყვებით, მიუხედავად ახალი შემთხვევების მატებისა, აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება, რადგანაც რაოდენობა არ არის ისეთი მასშტაბური, რომ რადიკალური ზომების გატარება გახდეს საჭირო.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0