ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება

გამოწერა
აჭარაში ზაფხულის სეზონზე ტურისტული ნაკადის ზრდამ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება გამოიწვია.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ბათუმსა და ქობულეთში სკოლების გახსნა ორი კვირით გადაიდება და სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ქვეყნის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება – ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

აჭარაში ზაფხულის სეზონზე კორონავირუსის მომატებული შემთხვევები დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 88 პაციენტი მკურნალობს. 

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
ვირუსი დაბრკოლება არაა: ორ მილიონზე მეტი სახელმძღვანელო მოსწავლეებს ელოდება

„ტურისტული სეზონიდან გამომდინარე ბათუმში მობილობა იყო ძალიან მაღალი. სასწავლო წლის დაწყება კი გამოიწვევს მობილობის კიდევ უფრო გაზრდას, ამიტომაც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება, სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება“, – განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება გეგმავს საკლასო კაბინეტებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესის 1 ოქტომბრიდან განახლებას.

პრემიერის განმარტებით, ამ დროისათვის ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლებამ სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მოსწავლეები ონლაინ სწავლობდნენ, მათთვის შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა".

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0