06:02 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
683 0 0

გურიაში უკვე ოთხი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

Covid-19 გურიაში: ვირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა >>

მისი თქმით, გურიაში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაემატა და მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდკვლევა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ 100 ადამიანზე მეტის შეკრება კანონით აკრძალულია და ყველას მოუწოდა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

„ეპიდკვლევა დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობანში. ასევე კვლევები მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონში, ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილთან. საქართველოში კანონით აკრძალულია 100 ადამიანზე მეტის შეკრება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს არის განსაკუთრებით მომატებული რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი, ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება“, – განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

თუმცა კონკრეტულად სად ჩატარდა ხსენებული ქორწილი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

გურიაში პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში დაფიქსირდა – ინფექცია ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. 21 წლის გოგონა „დონას" კლასტერს მიეკუთვნება – იგი საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა. შემდეგ ამ გოგონას ოჯახში ინფექცია სამი თვის ჩვილს დაუდასტურდა. მეორე დღეს გურიაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს, შუახნის მამაკაცს დაუფიქსირდა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანიდანაა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წინა კვირას, ბათუმში 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო კორონავირუსით დაინფიცირებული 21 წლის ჩოხატაურელი ქალიც. და დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი - მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული სოფელ ლაითურის მკვიდრია და ისიც ჩოხატაურელი ქალის კონტაქტია. არსებული ინფორმაციით, ლაითურელმა ქალმა ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ერთად იმგზავრა, ისინი ახლობლები არიან.

საქართველოში კარანტინის ვადა შეიძლება კიდევ შემცირდეს >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 29-ით გაიზარდა და 1650-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1310 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები