07:15 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
180 0 0

კარანტინზე იკეტება სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, რომელშიც 450 ადამიანი მუშაობს - ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“, სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩაიკეტება და დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „დრიმლენდ ოაზისში“, სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა.

„მნიშვნელოვანი მდგომარეობაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც 400-მდე ქართველი ექიმი ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ამასთან, მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ ამ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა, ექიმების ტესტირება, რათა მოხდეს მათი გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში, პროტოკოლის შესაბამისად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ დირექტორის, კოკა გეგუჩაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ სასტუმროში მყოფ ყველა პირს, როგორც დამსვენებლებს, ასევე პერსონალს.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროში უკვე მივიდა ეპიდემიოლოგების ჯგუფი და ტესტირების პროცესი დაწყებულია.

„მოვიდა ეპიდემიოლოგების ჯგუფი. გამოვყავით სივრცე, სადაც ჯერ სტუმრების და შემდეგ უკვე პერსონალის ტესტირება მოხდება. ტესტირება ჩაუტარდება აბსოლუტურად ყველას, ეს პროცესი უკვე დაიწყო. კონფერენციის გამო, სასტუმროში ძალიან ბევრი ექიმია. სასტუმროს პერსონალი, დაახლოებით 450 კაცია. უპირველესი რეკომენდაციაა, რომ ყველამ ჩაიტაროს ტესტი, რასაც ვემორჩილებით“, – განაცხადა მან.

დირექტორის განცხადებით, დამსვენებლები, რომლებსაც სასტუმროს დატოვება სურთ, ვალდებული არიან, ტესტირება ჩაიტარონ.

„რაც შეეხება ინფიცირებულს, ეს ქალბატონი ვისთან ერთადაც იყო რამდენიმე დღის წინ, იმ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი და შემდეგ ამას ჰქონდა სიმპტომები, 37.2 ტემპერატურა. მან მაშინვე გამოიძახა სასწრაფო. ჩვენს სასტუმროში ერთი თუ ორი დღე იმყოფებოდა“, – განაცხადა კოკა გეგუჩაძემ.

რიგები კორონავირუსზე უფასო ტესტირებაზე ბათუმში - ვიდეო >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდული რაოდენობით - 38-ით გაიზარდა და 1548-ს მიაღწია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 1270 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები