უსაფრთხო ექსკურსიები: სკოლის მოსწავლეების გადაყვანის წესები გაცილებით მკაცრი გახდება

CC0 / Pixabay / სასკოლო ავტობუსი
სასკოლო ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, თან უნდა ჰქონდეს ცნობა ნარკოლოგიურიდან, არაუმეტეს 6 თვის წინ ჩატარებული ტექინსპექტირების ცნობა, არანაკლებ 5 წლის წინ გაცემული მართვის მოწმობა

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. სკოლის მიერ ორგანიზებული სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები დეტალურად განისაზღვრება, იუწყება პირველი არხი.

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები გამკაცრდა

კერძოდ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებს ეხება.

კანონპროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებული იქნება, იქონიოს ცნობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით.

ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით და მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი და როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება, რომელიც მოპოვებული უნდა იყოს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ ხუთი წლით ადრე.

ტურისტული ავტობუსი - Sputnik საქართველო
ბავშვებს სამართალდამცველები აცილებენ: როგორ ტარდება სასკოლო ექსკურსია ევროპის ქვეყნებში

ასევე, მძღოლი ვალდებული იქნება, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

საკანონმდებლო ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, ცვლილებებით, სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, რომლის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება ჯარიმა – 400 ლარის ოდენობით.

გასულ წელს განათლების სამინისტრომაც გაამკაცრა  სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დაარეგულირა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

ყველა ახალი ამბავი
0