07:27 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
516 0 0

„საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია“ სააღმზრდელო პროცესის პირველ ოქტომბერს დაწყებას ეწინააღმდეგება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მიუხედავად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც საბავშვო ბაგა-ბაღები პირველი ოქტომბრიდან  უნდა გაიხსნას, „საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის“ წევრ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 3 სექტემბერს განახლდება, იუწყება საქართველოს პირველი არხი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საჯარო და კერძო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბრიდან განახლდება და სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება.

„როგორც დედაქალაქის, ისე სხვა ქალაქებისა და რეგიონების კერძო ბაღები ღიად ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით ბაღებს სამ სექტემბერს ვხსნით. ასევე, ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ ობიექტური და კონსტრუქციული მიდგომით ეტაპობრივად გავიაროთ შემოწმება დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილების მიზნით“, – განაცხადა „საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის“ სპიკერმა, ნათია გურგენიძემ.

როგორც ასოციაციაში აღნიშნეს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან დაპირება მიიღეს, რომ კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების საკითხს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში კიდევ ერთხელ, 2 სექტემბერს განიხილავენ.

ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, მშობლებს საბავშვო ბაღის შენობაში შესვლა ეკრძალებათ. შენობის შესასვლელთან ბავშვებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი უნდა დახვდეს, რომელიც ბავშვს ტემპერატურას გაუზომავს და კონკრეტულ ჯგუფში შეიყვანს.

საბავშვო ბაღებში სპეციალური იზოლირებული ოთახები იქნება, სადაც იმ ბავშვებს ან თანამშრომლებს განათავსებენ, რომელთაც დღის განმავლობაში ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

საბავშვო ბაღის აღმზრდელებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ, რა დროსაც მათ შეასწავლიან თუ როგორ უნდა მართონ პროცესი.

შეზღუდვები შეეხება ბაღიდან ბავშვების გამოყვანას – ბაღში მისვლამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე მშობელმა ბაღში უნდა დარეკოს და შეატყობინოს, რომ ბავშვი გაჰყავს.

ბავშვებს ეკრძალებათ ბაღში სახლიდან სათამაშოების მიტანა, ასევე იკრძალება ბაღში ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელთა დეზინფექციაც რთულია.

სათამაშოები 37 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს. გარდა ამისა, სპეციალური წესით უნდა მოხდეს ჭურჭლის დეზინფექცია. იზღუდება ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობაც – იგი უნდა იყოს ოპტიმალური.

საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი სკოლებში დაიწყება, ორი კვირის შემდეგ კი, 1 ოქტომბრიდან – საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებში.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები