18:32 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

მინისტრმა განაცხადა, რომ ცვლილებები არ ეხება ხელოვნური განაყოფიერების პროცესს და აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ ტყუილად ატყდა.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არანაირი ახალი წესი არ იმოქმედებს, ეს ყალბი ინფორმაციაა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართული მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.

მისი თქმით, შესწორებები სუროგატულ დედობას უკავშირდება და არ ეხება ინ-ვიტრო განაყოფიერებას. უფრო მეტიც, ის ბავშვების დაცვისკენ არის მიმართული.

„ამ ყალბი ინფორმაციის უკან, ჩემი აზრით, დგანან ის კერძო კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს იღებენ სუროგაციის გზით უცხოელი წყვილების საქართველოში შემოყვანის ფარგლებში, როდესაც ხდება სუროგაციის გზით ბავშვების გაჩენა საქართველოში და შემდეგ მათი ქვეყნიდან გაყვანა. არავითარ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება ხელოვნური განაყოფიერების საკითხები დაარეგულიროს... ამიტომ არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის. ეს არის ყალბი ინფორმაცია“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, ახალი წესი სუროგატულ დედობას ეხება. ამ დროს ვითარება იმგვარია, რომ ქალების 100%, ვინც თავის სხეულში ითავსებს ემბრიონს სხვისი ბიოლოგიური მასალიდან თანხის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო წყვილების 98% და მეტი, რომლებიც სუროგაციით სარგებლობენ საქართველოში – უცხოელები.

„შემოდის წესი, სადაც წყვილი იქნება კვლავაც გაგებული ისევ როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე ახალი წესი არის ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი. ამიტომაც მოვითხოვთ 1 სექტემბრიდან, რომ ნოტარიუსთან მისული უცხოელი წყვილი ან შერეული წყვილები ერთი წელი მაინც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ერთად, ქორწინებით ან ქორწინების გარეშე, რომ ჩვენ სახეზე გვქონდეს წყვილი, რომელსაც მართლა სურს ბავშვის ყოლა და აღზრდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის 25 აგვისტოს ბრძანების თანახმად, საქართველოში სუროგატული დედობის მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის წყვილები, რომლებიც არიან დაქორწინებული ან ფაქტობრივად ცხოვრობენ ერთად მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.

შესწორებებში, რომელიც მინისტრმა შეიტანა 2012 წლის 31 იანვრის ბრძანებაში „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, ნათქვამია, რომ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული.

ეს ნიშნავს, რომ ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივი თანაცხოვრება ნოტარიულად დამოწმებულია შესაბამისი დოკუმენტებით – საინფორმაციო-სამისამართო ბარათით, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი; ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი; რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთით ან სხვ.

ბრძანებაში ასევე გაწერილია სუროგატი დედისა და ბავშვის გენეტიკური მშობლების უფლება–მოვალეობები.

მთავარი თემები