06:16 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (225)
159 0 0

პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საჯარო და კერძო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბრიდან განახლდება და სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კერძო ბაღების წარმომადგენლებთან ონლაინ–შეხვედრაზე. 

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ბიზნეს-ომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, ბაღების ხელმძღვანელებს გააცნეს ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც მათ უნდა დააკმაყოფილონ საქმიანობის განახლების შემთხვევაში.

ფერაძის განმარტებით, სააღმზრდელო დაწესებულებები ოპერირების განახლებისთვის უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და მათ შრომის ინსპექციისა და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით შეამოწმებენ. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება. თუმცა ბაღებში აკრძალვებთან დაკავშირებით რიგი რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია. 

ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, მშობლებს საბავშვო ბაღის შენობაში შესვლა ეკრძალებათ. შენობის შესასვლელთან ბავშვებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი უნდა დახვდეს, რომელიც ბავშვს ტემპერატურას გაუზომავს და კონკრეტულ ჯგუფში შეიყვანს.

საბავშვო ბაღებში სპეციალური იზოლირებული ოთახები იქნება, სადაც იმ ბავშვებს ან თანამშრომლებს განათავსებენ, რომელთაც დღის განმავლობაში ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. 

საბავშვო ბაღის აღმზრდელებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ, რა დროსაც მათ შეასწავლიან თუ როგორ უნდა მართონ პროცესი.

შეზღუდვები შეეხება ბაღიდან ბავშვების გამოყვანას – ბაღში მისვლამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე მშობელმა ბაღში უნდა დარეკოს და შეატყობინოს, რომ ბავშვი გაჰყავს.

ბავშვებს ეკრძალებათ ბაღში სახლიდან სათამაშოების მიტანა, ასევე იკრძალება ბაღში ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელთა დეზინფექციაც რთულია.

სათამაშოები 37 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს.

გარდა ამისა, სპეციალური წესით უნდა მოხდეს ჭურჭლის დეზინფექცია.

იზღუდება ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობაც – იგი უნდა იყოს ოპტიმალური.

საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი სკოლებში დაიწყება, ორი კვირის შემდეგ კი, 1 ოქტომბრიდან – საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებში.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (225)

მთავარი თემები